სუს-ისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლები კიბერექსპერტებს შეხვდნენ
სუს-ისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლები კიბერექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სუს-ის პრესსამსახურის ცნობით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ამ კუთხით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა, ასევე, უსაფრთხოების სფეროში რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების მოდელებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც ექსპერტებმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნეს, ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მხარეებისთვის აზრისა და ხედვების გაზიარებას, ასევე, კრიტიკულ პრობლემებზე უფრო თავისუფალ გარემოში მსჯელობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისა და კიბერსისტემების დაცულობის საკითხების განხილვისას საერთო კონსენსუსის მისაღწევად.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.