სუს-ის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ
სუს-ის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე, ანტიკორუფციული სააგენტოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის: „ტექნიკური დახმარება საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოდრიჩ მარტინუს შეხვდნენ. ასევე, გაიმართა შეხვედრა ევროპის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსთან მანუელ ნავარეტე პანიაგუასთან.

შეხვედრებზე სუს-ის წარმომადგენლები გაეცნენ ევროპოლის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის ევროპის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ცენტრისა და ევროპის კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობის მიმართულებსა და შესაძლებლობებს, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებს. მხარეებმა განიხილეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის და ასევე ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

2017 წლის 4 აპრილს საქართველოსა და ევროპოლს შორის ხელი მოეწერა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც საქართველო ევროპოლის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. 2018 წლის მარტში ევროპოლთან ხელი მოეწერა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს და მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას.

საქართველოსა და ევროპოლს შორის დადებული ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი კომპეტენტური უწყება.