სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი განხილვის გარეშე უყრის კენჭს
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი განხილვის გარეშე უყრის კენჭს

საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი განხილვის გარეშე უყრის კენჭს. საკითხი ბიუროს სხდომაზე საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ლილუაშვილს სასათბურე პირობებს უქმნის. პასუხად ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, კანდიდატისთვის შეკითხვები დაესვა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, სხდომას არ დაესწრო.

„კომიტეტის სხდომა დაიწყო დილას. თქვენგან არავინ იყო წარმოდგენილი, განსხვავებით „ევროპული საქართველოსგან“, – მიმართა ირაკლი სესიაშვილს რომან გოცირიძემ, რის შემდეგაც გოცირიძემ მას უპასუხა:

„თუ გინდათ, ერთ ხუთ კილოს მოვიმატებ და გამოვჩნდები. ვიყავი სხდომაზე“, – ასე უპასუხა რომან გოცირიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყო და რომან გოცირიძე მხოლოდ 15:00 საათზე მივიდა. მისი განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა ძალიან კონსტრუქციულად, სიღრმისეულად ილაპარაკა და ამომწურავად გასცა პასუხები.

„შეიძლება ეს თქვენ არ მოგწონდეთ, ამაში სიახლე არაფერია. თქვენ რომ პოლიტიკურად მას მხარს არ დაუჭერთ, ეს ყველასთვის ცნობილია. დანარჩენი რაც სჭირდებოდა საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს, რომ მიეღოთ კითხვებზე პასუხი, ამ მხრივ საკითხი მაქსიმალურად ამოწურულია. დანარჩენი, თქვენ თუ გინდათ, არ სცეთ პარლამენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს პატივი და დრო უბრალოდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თქვენ დამატებით მოგეცეთ საშუალება, ერთი და იგივე კითხვა გაიმეოროთ, რაზეც უკვე პასუხი გაცემულია. ამისთვის არც დრო არის და არც რესურსი, რომ მუდმივად ერთსა და იმავე საკითხზე თქვენი პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვები ორ ადგილას ვისმინოთ პასუხები, ამიტომ ძალიან ლოგიკური იყო, რომ ამომწურავი კითხვა-პასუხის შემდგომ და მიღებული ინფორმაციის შემდგომ პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე და ეს მოვითხოვე კიდეც, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საკითხს ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგი მხოლოდ რომან გოცირიძე იყო.