სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში დღეს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე სოფელ ქვემო ჭალაში, ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში მივიდა.

ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ზაზა გახელაძის დაკავებიდან ცხრა თვის შემდეგ, ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში. ბუთხუზის თქმით, უახლოეს პერიოდში შედეგი თუ არ იქნება, საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 99-ე შეხვედრა დღეს გაიმართა.