სუს-ის ინფორმაციით, შარშან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები გამოიკვეთა
სუს-ის ინფორმაციით, შარშან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები გამოიკვეთა

გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის იმ ნაწილშია აღნიშნული, რომელიც უწყების კონტრდაზვერვით საქმიანობას ეხება.

სუს-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა.

„მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე.

„უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით.

უწყების ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

ამასთან, სუს-ი აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 600-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი. 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით.

„ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების მონიტორინგი და წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საფრთხეების დროულად გამოვლენაზე და მათი განეიტრალების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები. მუდმივად ხდებოდა შესაბამისი უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების დროული ინფორმირება“, – ნათქვამია უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშში.