სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

როგორც სუს-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, გალში მცხოვრები მოქალაქის უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ.

ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ფაქტზე.

გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

„საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.