სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ,კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა.მიუხედავად იმისა,რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინაშესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილისარამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი