სუს-ი - სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს
სუს-ი - სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში.