სუს-ი - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო მხარდამჭერი ან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს
სუს-ი - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო მხარდამჭერი ან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო მხარდამჭერი ან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მომენტისთვის, სირიის ტერიტორიაზე საქართველოს 15-მდე მოქალაქე იმყოფება და არსებული ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი განთავსებულია ქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ბანაკებში, ხოლო მცირე ნაწილი აგრძელებს სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში სირიაში საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტები არ დაფიქსირებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში შექმნილი უკონტროლო ვითარების, ასევე, ბაშარ ასადის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გათვალისწინებით, ადგილზე დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება.

„მებრძოლთა მეუღლეებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების საკითხის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიდგომა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და ყველა შემთხვევას განიხილავს ინდივიდუალურად. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, სამსახური მხარს უჭერს აღნიშნული პირების მიმართ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მსგავსი მიდგომა დაფიქსირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაშიც”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობა ან ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთ პირთა შემოსვლა, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები არიან.

„პირთა დიდმა ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დატოვა აღნიშნული რეგიონი. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით ცდილობდნენ კონკრეტულ სახელმწიფოებში მოხვედრას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებით მაქსიმალურად კონტროლდებოდა აღნიშნული პირების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები. 24/7 ფორმატში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და დროული კოორდინაციით, იზღუდებოდა აღნიშნული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობა. მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა მარშრუტები და არხები, რომლებიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების განახლება, რამაც ეფექტური გახადა ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის არხების მონიტორინგი.

„პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. აღნიშნულის შედეგად გასული წლის განმავლობაში იდენტიფიცირდა და შესაბამისი კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობა“, – ნათქვამია პროექტში.