სუს-ი - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული იყო ე.წ. საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი, რომელიც უმთავრესად დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული კამპანიებით ხორციელდებოდა
სუს-ი - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული იყო ე.წ. საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი, რომელიც უმთავრესად დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული კამპანიებით ხორციელდებოდა

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში იკვეთება ხუთი ძირითადი ინსტრუმენტი – საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად აღნიშნული ინსტრუმენტით მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია), ე.წ. საინფორმაციო ომი, ე.წ. რბილი ძალა, ეკონომიკური ბერკეტები, ფარული ოპერაციები, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის „ჰიბრიდული ომის“ ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, ასევე ადგილზე მოქმედი დე ფაქტო რეჟიმები. სუს-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ მათ შორის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია.

„აღნიშნულის შედეგად, უსაფრთხოების გარემოს გარდა, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იმიჯი და ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, რუსეთი მიმართავს ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობებს, რისთვისაც აქტიურად იყენებს დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებს.

2019 წელს ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული იყო ე.წ. საინფორმაციო ომის ინსტრუმენტი, რომელიც უმთავრესად დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების საშუალებით ხორციელდებოდა.

საქართველოში პროპაგანდისტული კამპანიის ზოგადი მიზანი იყო დემოკრატიული ღირებულებების დაკნინება, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და დასავლეთის კრიტიკა, ხოლო აღნიშნულის საპირწონედ – ცალკეული ქვეყნებისთვის მისაღები მსოფლმხედველობის გავრცელება.

დეზინფორმაციული კამპანია ძირითადად მიზნად ისახავდა მოსახლეობის პოლარიზაციას, მცდარი შეხედულებების, ასევე შიშის გავრცელებას და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენას.

აღნიშნული კამპანიების წარმოება ყალბი ახალი ამბების, ფაქტების დამახინჯების, ისტორიის გაყალბებისა და მითების შექმნის გზით მიმდინარეობდა. პროცესში სულ უფრო აქტიურად იყო გამოყენებული სოციალური მედია, სხვადასხვა ინტერნეტბლოგი და პლატფორმა, რომლის მომხმარებელს, უმეტესწილად, ახალგაზრდობა წარმოადგენს. ამავე დროს, კონკრეტული თემის ირგვლივ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიები ძირითადად ერთდროულად მიმდინარეობდა“,- ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობისადმი გამიზნული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული გზავნილების შინაარსი, ასევე მისი გავრცელების ფორმები და მეთოდები ძირითადად საერთო იყო ყველა სოციალური წრისა და ეთნიკური ჯგუფისთვის. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ხდებოდა წინასწარ შერჩეული ჯგუფებისთვის კონკრეტული საკითხების მომზადება და მათთვის მიზანმიმართულად, სათანადო ფორმით მიწოდება.