სუს-ი - საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება
სუს-ი - საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება

საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული გამოწვევა იყო 2020 წელს საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეები. მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს, კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით.

„აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას. ამასთანავე, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება. დესტრუქციული პროცესების ხელშესაწყობად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საქართველოს, როგორც რომელიმე დაპირისპირებული მხარის მხარდამჭერ ქვეყნად წარმოჩენა წარმოადგენდა, რისთვისაც აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა მედია და ინტერნეტსაშუალებას.

შექმნილი ვითარების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სამსახურის მიერ პერმანენტულად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების კონტროლი და ცალკეულ პროცესებში მონაწილე პირებისა თუ ჯგუფების გამოვლენა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტად აწვდიდა ინფორმაციას მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარების, უსაფრთხოების მიმართულებით გამოკვეთილი რისკებისა და მათი შესაძლო შედეგების თაობაზე.

აღნიშნულ პერიოდში სამსახურის მიერ წარმატებით გატარდა საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო პროვოკაციებისა თუ საომარი მუხტის გადმოტანის პრევენციული ზომები და ეთნიკური დაპირისპირების შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად, განხორციელდა დეესკალაციის ღონისძიებები.

საფრთხეების მინიმიზაციის მიზნით, სათანადო რეკომენდაციები მიეცათ როგორც ცენტრალური, ასევე მუნიციპალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და ხელმძღვანელ პირებს“, – ნათქვამია სუს-ის 2020 წლის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი