სუს-ი - საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია
სუს-ი - საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია

2021 წელს გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის იზოლაციას და ადგილზე ანექსიური პროცესების განხორციელების გამარტივებას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია.

„2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. 2021 წლის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურები – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური.

„2021 წელს მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, არსებული მონაცემებით, სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის 125-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. აღნიშნულის ფონზე, კვლავაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას.

„საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციამ განაგრძო ანექსიის პროცესი. აღნიშნული გამოიხატებოდა დე ფაქტო ხელისუფლებებთან სხვადასხვა მიმართულებით ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერაში, საოკუპაციო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიღებულ ე.წ. საკადრო გადაწყვეტილებებში.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს რუსეთთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთიანი სივრცის“ შექმნისა და ამ კუთხით „ინტეგრაციის“ მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააჟღერა. აქტიურად განიხილებოდა „ფსოუს გამშვებ პუნქტზე“ მოძრაობის ე.წ. რეგულაციების გამარტივების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენის „ლეგალიზებისა“ და სხვა საკითხები. ყოველივე აღნიშნულს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ „სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის“ დათმობა უწოდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას.

„ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები. გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის საჭიროების საკითხი, მათ შორის, „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების“ კონსოლიდაციის გზითაც.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ოკუპირებული რეგიონის იზოლაციას და ადგილზე ანექსიური პროცესების განხორციელების გამარტივებას.

2021 წელს კვლავ განიხილებოდა ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნული საკითხისთვის აქტუალობის დაკარგვას ცდილობდა და კონკრეტიკის გარეშე აცხადებდა, რომ ხსენებულ მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციას „ტერიტორიული პრეტენზიები“ არ აქვს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მნიშვნელოვან საფრთხედ რჩებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საკითხი, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ღიად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას.

„საოკუპაციო ძალა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის საფუძვლად „ერთიანი ოსეთის“ გამოგონილ ცნებას იყენებს, რაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასა და ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის ე.წ. გაერთიანებას გულისხმობს.

ანექსიის ჭრილშია განსახილველი რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი „ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი“. 2021 წელს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოკუპირებულ ცხინვალში „მივლენილ თანამშრომლებს“ გამოკითხვის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ცნობების მოძიების უფლება მიენიჭათ.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამასთან, ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები „სამხედრო-სავალდებულო სამსახურს“ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან და „მეორე მხარის“ ე.წ. გაწვევისგან თავისუფლდებიან.

ანექსიის პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტს (69 472 492 აშშ დოლარი), ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის დაახლოებით 83 პროცენტს (84 898 637 აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაცია აფინანსებს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი