სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავების 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 70 ფაქტი დაფიქსირდა
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავების 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 70 ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ცენტრალური ხელისუფლების მიერ აღირიცხა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 11, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 70 უკანონო დაკავების ფაქტი.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ე.წ. საპატიმრო დაწესებულებაში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, 2021 წლის 14 ივლისს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა ზაზა გახელაძე, რომელსაც უკანონოდ 12 წელი და ექვსი თვე ჰქონდა „მისჯილი“. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ, ცხრა წლით „აღუკვეთა“. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.

სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება, რაც ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის თანმდევი პროცესების არაჰუმანურ და დანაშაულებრივ არსს. 2021 წლის ნოემბერში ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოეცა გენადი ბესტაევი, რომელიც ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებამდე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რასაც შემდგომში მისი გარდაცვალება მოჰყვა. საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ამ კონტექსტში, ხაზგასასმელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალად რუსეთის ფედერაციას განსაზღვრავს და იქ მომხდარ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე პასუხისმგებლობას სწორედ მოსკოვს აკისრებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სუს-ის ცნობით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ცხრა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

„უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში.

ვითარება კვლავ დაძაბული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, სადაც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული ქმედებების გამო კრიზისი 2019 წლის აგვისტოში წარმოიქმნა და საოკუპაციო ძალების არაკონსტრუქციული მიდგომების გამო, მისი მოგვარებისკენ ნაბიჯები ვერ იდგმება.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საანგარიშო პერიოდში გამართულ როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრებისას, სოფელ ჩორჩანის კრიზისის დარეგულირებისთვის მუშაობის მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა აღნიშნულს შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები 2019 წლის სექტემბრიდან არის ჩაკეტილი, რამაც რეგიონის სრული იზოლაცია გამოიწვია.

„რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, საოკუპაციო ხაზი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე ცალმხრივად, საოკუპაციო ძალის მიერ იყო დაკეტილი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა, ე.წ. ნებართვის მქონე, მხოლოდ გარკვეული კატეგორიისა და საჭიროებების მქონე პირებს ეძლეოდათ (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის დაკეტვამ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, საოკუპაციო ხაზის ფარულად კვეთის მიზნით, მდინარე ენგურზე შემოვლითი მარშრუტებით ესარგებლა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად წარმოაჩენს უკანონო დაკავებების, ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების უკიდურესად დამაზიანებელ შედეგებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა.

კვლავ გრძელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველი მოსახლეობის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და უკან დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, მათი სახლების განადგურება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ნასახლარებზე ნაგავსაყრელის ამოქმედება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ოკუპაციასთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები მწვავედ განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული შეხვედრებისას.  აქტიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა.

სუს-ის ცნობით, „ცხელი ხაზი“ საანგარიშო პერიოდში 2 197-ჯერ გააქტიურდა: 1 747-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ხოლო 450-ჯერ – ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.