სუს-ი - ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა
სუს-ი - ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა

ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

მათ შორის, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვების შედეგად უკიდურესად გაუარესდა ოკუპირებული გალის რაიონში ეთნიკური ქართველების ყოველდღიურობა. გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება.

„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროებაზე რეაგირების მიზნით. სამსახურის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვადასხვა დროს ჩართული ყველა პირი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“,- აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.