სუს-ი - ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება
სუს-ი - ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება

ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომლითაც დღეს უწყებასთან გამართულ აქციას უპასუხეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია“, – აცხადებენ სუს-ში.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სუს-ის მიერ უკანონო თვალთვალს აპროტესტებენ. კერძოდ, „შეცვალეს“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ უთვალთვალებდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.