სუს-ი - ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება
სუს-ი - ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა დღეს შეუფარდეს.  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

დატოვე კომენტარი