საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდა
საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე დღეს ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებთან ჩასვლას გეგმავს.

ხვიჩა მღებრიშვილის საქმესთან დაკავშირებით გუშინ, დილიდან ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას პერიოდულად იღებდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 000-დან 10 000 დოლარამდე ჰპირდებოდნენ.