სუს-ი - გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
სუს-ი - გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოიყვანეს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად, განხორციელდა საქართველოს მოქალაქის გადმოყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს.

მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესახებ ინფორმაცია სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი. გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას“, – განაცხადეს სუს-ში.