სუს-ი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სუს-ი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 105-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 105-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.

„როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ კანიაშვილს აქვს მისჯილი ე.წ. სასჯელი ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კახაბერ ნათაძეს სამი წლით და ექვსი თვით, თუმცა აღნიშნული ე.წ. განაჩენი არ არის შესული ძალაში, შესაბამისად ეს გვაძლევს მანევრირების საშუალებას, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რომელიც არის ძალიან ეფექტური და ამ შეხვედრაზეც იყო ძალიან ეფექტური, გამოყენებული იქნას მათ მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა. ჩვენ წინასწარ მოლოდინებს ვერ გავაჩენთ, მაგრამ, მინდა დავადასტურო, რომ კეთდება ყველაფერი, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს, გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ე.წ. სასამართლო ჩანიშნულია მიმდინარე წლის 9 მარტს. ბუნებრივია, ამ კუთხითაც გრძელდება ინტენსიური მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი აღნიშნულ საკითხსაც შეეხო.

„პერიოდულად და სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ამგვარი მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არავინ არის დაინტერესებული დამატებითი დაძაბულობის შექმნით. ყოველ შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება არსებითად არ გაუარესებულა და იქ დამატებითი აქტივობები არ შეინიშნება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.

ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2022 წლის 12 აპრილი განისაზღვრა.