სუს-ი – დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია „ენგურჰესში“ შემავალი „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაული

15:01, 23.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში“ შემავალი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.

სუს-ის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი