სუს-ი - 2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა
სუს-ი - 2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიურ ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღეისთვის, ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებისა და პირთა გადაბირების ძირითად საშუალებას ინტერნეტ-სივრცე წარმოადგენს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტით გაკეთებული ისეთი განცხადებებისა და მასალების მონიტორინგი, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ტერორისტულ ან ექსტრემისტულ ნარატივთან.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ამავე პერიოდში არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ხდებოდა იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ტერორისტული იდეების გავრცელებასა და პირთა რადიკალიზაციასთან. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ ტარდებოდა შესაბამისი პრევენციული და სხვა სამართლებრივი ღონისძიებები“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში გადაბირებისა და ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით არსებული სრული სურათის გაანალიზებისთვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მიერ გასული წლების განმავლობაში მიღებული ზომები, მათ შორის გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავების ფაქტები, რადგან აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.