სუს-ი - გამოვლინდა 36 პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ცხოვრების ნებართვების გაცემის მიზნით შესაძლო ფიქტიურ ქორწინებებს უწევენ ორგანიზებას
ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი, გამოიკვეთა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ინვესტიციების განხორციელების საბაბით, ითხოვენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობისა და შრომითი ცხოვრების უფლებებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე – მუდმივი ცხოვრების ნებართვას.
როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, მიგრაციული პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამოვლინდა, სტუდენტის სტატუსით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომელთა ნაწილი ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოს 36 მოქალაქე, მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიები და აუდიტორული ფირმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში ცხოვრების ნებართვების გაცემის მიზნით, ამზადებენ სარეკომენდაციო წერილებს, ორგანიზებას უწევენ შესაძლო ფიქტიურ ქორწინებებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, გასცემენ ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს.
„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშემწყობი პირების კავშირების დადგენისა და მათ საქმიანობაში შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის მიზნით. აქტიურად მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი გააჩნდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 3500-ზე მეტი პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი. უსაფრთხოების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა ქ. თბილისის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.