სუს-ი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟენევის თანათავმჯდომარეთა მყისიერი რეაგირება
სუს-ი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟენევის თანათავმჯდომარეთა მყისიერი რეაგირება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილს გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

„საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაადასტურა.

„ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის სოფელ ყანჩავეთიდან იყო წარმოშობით და ხშირად დადიოდა იქ. მისი ბებიაც იქ ცხოვრობს. ახალგორში ახალგაზრდა მამაკაცს ბოსტნეული, ხილი შეჰქონდა და ვაჭრობდა. თუ მის წინააღმდეგ კითხვის ნიშნები მაინც იყო ან აქტიურად იყო საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, ის იქ არ შევიდოდა. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ რეალურად რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ისიც არ არის გარკვეული, ესროლეს თუ მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. ფაქტია, რომ მოკლეს“ – განუცხადა პირველ არხს ნუგზარ თინიკაშვილმა.