ახალგორის გამგებელი აცხადებს, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალში მოკლეს
ახალგორის გამგებელი აცხადებს, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალში მოკლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ცხინვალში სოფელ ყანჩავეთის მკვიდრი, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ადგილობრივი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, ტატუნაშვილი გუშინ ახალგორში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, 2008 წლის საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის და ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ განმარტებით, დაკავებული დაკითხვაზეც იმყოფებოდა, რის შემდეგაც მისი გადაყვანა დროებითი დაკავების იზოლატორში სცადეს.

ბადრაგირებისას, მანქანში ტატუნაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და დაცვისთვის იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები იქნა გამოყენებული. შედეგად დაკავებულმა თავი ვეღარ შეიკავა და კიბეზე დაეცა. მიღებული ტრავმებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს ოკუპირებული ცხინვალის მედიასაშუალება „რესი“.

ოკუპირებულ ცხინვალში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

„ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის სოფელ ყანჩავეთიდან იყო წარმოშობით და ხშირად დადიოდა იქ. მისი ბებიაც იქ ცხოვრობს. ახალგორში ახალგაზრდა მამაკაცს ბოსტნეული, ხილი შეჰქონდა და ვაჭრობდა. თუ მის წინააღმდეგ კითხვის ნიშნები მაინც იყო ან აქტიურად იყო საბრძოლო მოქმედებებში ჩართული, ის იქ არ შევიდოდა. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ რეალურად რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ ზუსტად არ ვიცით. ისიც არ არის გარკვეული, ესროლეს თუ მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. ფაქტია, რომ მოკლეს“ – განუცხადა პირველ არხს ნუგზარ თინიკაშვილმა.