სუს-ი - აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება
სუს-ი - აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას, ბინაში ქალი და ბავშვი იქ არ იმყოფებოდნენ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნინო გიორგობიანმა 21-22 ნოემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ნინო გიორგობიანმა განმარტა, რომ აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება.

„გარდაცვლილთაგან არცერთს ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი. შესაბამისად, გრძელდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა, რათა დადგინდეს მათი ვინაობა.

ამ დროისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არ იმყოფება აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი. მათ რამდენიმე წლის წინ დატოვეს საქართველო. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბინაში ქალი და ბავშვი იქ იმყოფებოდნენ, ესეც ცრუ ინფორმაციაა“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა და დასძინა, რომ ასევე, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის ადამ გუმაშვილია.

მისივე განცხადებით, სპეცოპერაციისას ამოღებული ერთ-ერთი იარაღის წარმომავლობის შესახებ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რაც შეეხება სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულობას, უშუალოდ სპეცოპერაციის დროს არცერთი ქვეყნის სპეცსამსახური არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.