სურსათზე გლობალური ფასების ინდექსი გაიზარდა
სურსათზე გლობალური ფასების ინდექსი გაიზარდა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)  სურსათის ფასების ინდექსზე, იანვარში ხუთივე პროდუქტზე მზარდი ტენდენცია დაფიქსირდა და 164.8 ქულა შეადგინა.

ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტზე  – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

იანვარში დაფიქსირებული ინდექსი 2018 წლის ბოლო თვის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია. მიუხედავად მსოფლიოში გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნისა და მიწოდების ნაკლებობისა, იანვარში მარცვლეული კულტურების ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა და საშუალო ქულამ 168.1 მიაღწია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც შენარჩუნდა მცენარეული ზეთზე ფასის ზრდის ტენდენცია – 4.3 პროცენტით. ამის მთავარ მიზეზად, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყნებში პროდუქციის წარმოების სეზონური კლება სახელდება. მსგავსი ტენდენციით ხასიათდებოდა სოიოს ზეთის ფასიც, რაც მეტწილად ექსპორტზე მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული.

ასევე, იანვარში გაზრდილია სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის, რძის საერთაშორისო ფასიც, 7.2 პროცენტით. მატების მთავარი მიზეზი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა (ძირითადად ევროპაში) და პროდუქტის სიმცირეა, რაც რძის სეზონურობასთანაა დაკავშირებული.

ამასთან, დეკემბრიდან  ხორცის ფასების ინდექსი თითქმის არ შეცვლილა. ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცის ფასები უცვლელი დარჩა, თუმცა მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცხვრის ხორცის ღირებულება, რაც ოკეანის ქვეყნებიდან გაზრდილმა მიწოდებამ განაპირობა.

რაც შეეხება შაქარს, ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნის, ბრაზილიის ვალუტის გამყარებამ დოლართან მიმართებით, იანვარში გლობალურად შაქრის ფასის 1.3 პროცენტით გაზრდა გამოიწვია.