სურსათის სააგენტოში ვარაუდობენ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში საქონლის მასობრივი დახოცვა პრეპარატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია [ვიდეო]

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში საქონლის მასობრივი დაცემა მეპატრონის მიერ ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე პრეპარატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია. თუმცა, სამსახური, შემდეგი კვლევისა და საშიშ დაავადებათა გამორიცხვის მიზნით, შესაბამის ლაბორატორიულ ნიმუშებს ლაბორატორიაში გადაგზავნიან.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა, დახოცილი ცხოველები შესაბამისი წესით განადგურდება.

„ნიმუშები იქნება აღებული და გადაგზავნილი ლაბორატორიაში მისი შემდგომი კვლევის მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებით საშიშ ინფექციას ადგილი არ აქვს, ვინაიდან ეს არ არის კერა განსაკუთრებით საშიშ დაავადებაზე. რაც შეეხება ამ ცხოველებს, აუცილებლად განადგურდება შესაბამისი წესების დაცვით და არანაირი რისკი არ არსებობს, რომ აღნიშნული ხორცი მოხვდეს ბაზარზე.​ მეპარტრონეს გამოყენებული აქვს რამდენიმე სახის პრეპარატი და გადაჭარბებული დოზით. შესაბამისად, არსებობს დიდი რისკი, რომ ეს გამოეწვია პრეპარატების არაკვალიფიციურ გამოყენებას, ამიტომ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისივე თქმით, კვლევის პირველადი პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში გახაჯოვების ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა.

დატოვე კომენტარი