სურსათის სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო, სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
სურსათის სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო, სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გეგმური შემოწმების შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღის კვების ბლოკში მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, არ მუშაობდა ვენტილაცია და კედლებიდან ბათქაში ცვიოდა. აღნიშნული გარემოების გამო, ბაღის კვების ბლოკის მოწესრიგებამდე საბავშვო ბაღი დახურა.

მერის თქმით, შემოდგომაზე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაშიც 25 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა. არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კომპანიის მიმართ სანქციების გამოყენებაზე იმსჯელებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განცხადებით, ერთი კვირაა რაც სურსათის სააგენტო შემოწმებას ატარებს და უკვე 20-მდე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.

ჯერ უცნობია, როდის განახლდება სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი. ბაღს 90 აღსაზრდელი ჰყავს.