სურსათის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ხორცისა და კვერცხის საეჭვო ადგილებში შეძენისგან თავი შეიკავონ
სურსათის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ხორცისა და კვერცხის საეჭვო ადგილებში შეძენისგან თავი შეიკავონ

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის, ხორცპროდუქტებისა და კვერცხის შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები პროდუქტების შენახვის პირობები.

როგორც გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია ორიდან ექვს გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.

ასევე, ცალცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, სააღდგომოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი კვერცხი დიდი ხნის ნაგროვებია, მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხის შენახვა ხდება 0 გრადუსიდან 10 გრადუსამდე ტემპერატურაზე, შესაძლოა, მომხმარებლისთვის კვერცხის მიწოდება მოხდეს მისი დადებიდან ერთი თვის განმავლობაში და არაუმეტეს ამ პერიოდისა.

კვერცხის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდგომ გარემოებებს:

  • კვერცხი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ჰიგიენური და შენახვის ნორმები დაცულია;
  • მოხარშული კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში 24 საათი, +2-6 გრადუსამდე ტემპერატურულ რეჟიმზე.
  • მაცივარში ან სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელში მოთავსებამდე კვერცხი უნდა გაირეცხოს, სასურველია დაცული ხელებით;
  • იმისთვის, რომ კვერცხი მოხმარებისთვის უსაფრთხო იყოს, იგი გულდასმით უნდა მოიხარშოს ან შეიწვას.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან. თუმცა, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან – რძე, ყველი, თევზი, კვერცხი და ა. შ ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.  ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები გადაედოს.