სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

16:37, 03.09.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმის, მ. ნ.-ის (მისამართი: სენაკი, ნოსირი, 22-ე ქუჩა N27) კუთვნილი ფრინველთა (მწყრის) სასაკლაო შეამოწმეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის ფაქტი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი