სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს, რაც პრეპარატის თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით საქართველოში პირველად ხორციელდება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები აცრებს კახეთის რეგიონში ატარებენ.

„დაავადების გავრცელებისა და რისკის ზონების გათვალისწინებით. ვაქცინაცია ეტაპობრივად მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის“ გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით 2015 წელს შემუშავდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ვაქცინაცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და სადიაგნოსტიკო კვლევები 545 ათას, ხოლო ვაქცინაცია 400 ათასამდე მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.