სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თენგიზ ჩალიგავა - გამოვლინდა, რომ საჭიროა კომუნიკაციის გაძლიერება, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება საკომუნიკაციო არხებზე
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში სატესტო გასვლებისას გამოვლინდა რიგი საჭიროებები, მათ შორის კომუნიკაციის გაზრდა. ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად, სოციალურ ქსელში, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თენგიზ ჩალიგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ნებისმიერი წევრი ინფორმირებული იქნება შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობაზე.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ, დღეის მდგომარეობით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სამ ადგილზე მიმდინარეობს. ეს არის კახეთი, იმერეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სადაც განხორციელდა სატესტო გასვლები. შედეგად, გამოვლინდა რიგი საჭიროებები, რომელიც გვინდა, გავაცნოთ საზოგადოებას. მნიშვნელოვანი საჭიროება არის კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში, რომლის საშუალებითაც ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ვაქცინაცია, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რასაც განახორციელებს ვეტერინარი- სპეციალისტი. კასტრაცია-სტერილიზაცია განხორციელდება პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე. ნებისმიერი ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით მოხდება. ეს ყველანაირად გამორიცხავს კითხვის ნიშანს. შესაბამისად, საზოგადოების ნებისმიერი წევრი ინფორმირებული იქნება აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობაზე. მოგეხსენებათ, პროგრამა ხორციელდება შესაბამისი ცენტრის მიერ. როგორც აღვნიშნე, გასვლები იყო სატესტო. ეს ითვალისწინებდა პროგრამის განხორციელებისას გამოვლენილ ყველა საჭიროებას. გამოვავლინეთ, რომ საჭიროა კომუნიკაციის გაძლიერება, რაც მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშნებს, არ იქნება ინტერპრეტაციის საშუალება. გრაფიკის შესაბამისად მოხდება ნებისმიერი ცხოველის გადაყვანა. დღევანდელი ბრიფინგი ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც განხორციელდება ჩვენი შემდეგი ღონისძიებები. ინფორმაციის მიწოდება, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, თუ ვინმე წინააღმდეგი იქნება, იდენტიფიცირებული ცხოველის ადგილზე ვაქცინაცია, შემდეგ კასტრაცია-სტერილიზაცია, ასევე ნებაყოფლობით, მიღება-ჩაბარების საფუძველზე, გამორიცხავს და არის პრევენცია, რომ შემდგომში აღარ მოხდეს იგივე გაუგებრობა, რაც, ვთქვათ, ზუგდიდის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.
ჩალიგავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როგორ მოხდება ცხოველების შერჩევა ვაქცინაციისთვის.
„შერჩევის ნაწილი პირდაპირ დამოკიდებულია და ემყარება პასუხისმგებელ პირს, მის გადაწყვეტილებას. ვინაიდან ვაძლიერებთ კომუნიკაციას, პირდაპირი კომუნიკაციის გზით პასუხისმგებელი პირი დაადასტურებს, რომ მისი ცხოველი უკვე ვაქცინირებულია და არ სჭირდება ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, ბირკა არ არის გარანტია, რომ ცხოველი ვაქცინირებულია. შეიძლება, იმუნიზაციის პერიოდი გასული ჰქონდეს. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი თუ გვეტყვის, რომ ცხოველს სჭირდება ვაქცინაცია, ჩავუტარებთ, თუ გვეტყვის, რომ უკვე ვაქცინირებულია, არ შევეხებით. ამას ითვალისწინებს კომუნიკაცია. ბუნებრივია, ყველა აქტივობა შეთანხმებული იქნება, რათა გამოვრიცხოთ კითხვის ნიშნები, ინტერპრეტაციები და ზოგიერთი სუბიექტის მიერ ინფორმაციის დამახინჯება“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.
თენგიზ ჩალიგავას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიუსაფარი ძაღლები დასაძინებლად გადაჰყავთ. ჩილიგავას თქმით, მტკიცებულებების გარეშე გარკვეულ ინფორმაციებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, მტკიცებულებების გარეშე გარკვეულ ინფორმაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ვრეაგირებთ მტკიცებულებებზე, რაც გამოვლინდება და მასზე ვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.
ჩალიგავას ასევე ჰკითხეს მიუსაფარი ძაღლების გორის კრემატორიუმში დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უპასუხა:
„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვაზე, რომელიც ხორციელდება შესაბამისი ცენტრის მიერ. აღნიშნულ ცენტრს ქმედებები არ განუხორციელებია გორის მუნიციპალიტეტში, საერთოდ, შიდა ქართლში. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ბრიფინგი იმ ადგილების აღნიშვნით, სადაც ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ახორციელებს ღონისძიებებს. ეს არის კახეთი, იმერეთი, ზუგდიდი და არა მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთი. შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, დანარჩენ რეგიონებში რა ხდება, ვერ გეტყვით“.