სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს, კვლევისას, ნედლ რძესა და სანელებლებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს, კვლევისას, ნედლ რძესა და სანელებლებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა

2018 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში აღმოაჩინა. სააგენტოს ცნობით, წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი შემცირებულია. უწყებაში დარღვევების კლებას ბაზრის კონტროლის გააქტიურებას და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას უკავშირებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალს მუდმივად ამოწმებენ.

„2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძისა და რძის ნაწარმის 82, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 335, თევზისა და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137, თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში. დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში (2017 წელს სუნელ-სანელებლებში 33 დარღვევა დაფიქსირდა). დარღვევის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი