სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ერთ-ერთ ობიექტში ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახეობრივი კვლევის შედეგად ერთ-ერთ ობიექტში ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ-ები გამოვლინდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.

„სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.