სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ, პრევენციის მიზნით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

„ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ყირიმ-კონგოს ინფექციის პრევენციის მიზნით რეკომენდაციით მიმართავს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი