სურსათის ეროვნული სააგენტო - უკრაინიდან „აფრიკული ჭირით“ დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს
სურსათის ეროვნული სააგენტო - უკრაინიდან „აფრიკული ჭირით“ დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს

უკრაინიდან ე.წ. აფრიკული ჭირით დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს – ამის შესახებ პირველ არხს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათი თქმით, საწარმოს ინსპექტირება, საიდანაც პროდუქტის მოწოდება იგეგმება, იმპორტის დაწყებამდე ხდება და იმპორტის განხორციელება მხოლოდ სააგენტოს ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტის მოთხოვნით უწყებისთვის არც ერთ ოპერატორს არ მიუმართავს.

ამასთან, როგორც პირველ არხთან საუბარში იმპორტიორ კომპანია „ვაზიანი 2012“-ში განაცხადეს, სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბულგარეთსა და ბრაზილიაში ღორის ხორცის გაიაფებისა და პარალელურად, უკრაინაში ამ პროდუქციის გაძვირების გამო, იმპორტიორებმა უკრაინიდან ცოცხალი ღორის შემოტანაზე უარი თქვეს.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში უკრაინიდან ცოცხალი ღორის იმპორტი არ განხორციელებულა. იანვრის მონაცემები უწყებას ჯერ არ აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი არც იანვარში განხორციელებულა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის რამდენიმე ოლქში ღორის ე.წ. აფრიკის ჭირის გავრცელების გამო, რამდენიმე დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა.