სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას  ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი მიქაძის თქმით, ზაფხულის სეზონზე სურსათის უვნებლობის რისკები იმატებს. ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა ხორცისა და რძის პროდუქტების ვარგისიანობა, ამიტომ აუცილებელია, მომხმარებლებმა პროდუქცია უსაფრთხო გარემოში იყიდონ და თავი აარიდონ საკვების ქუჩაში შეძენას.

„მომხმარებელი პროდუქტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაეცნოს ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას, დასახელებას, სურსათის შემადგენლობას, რას შეიცავს ინგრედიენტების სახით, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადას, რა ტემპერატურაზე უნდა იქნას შენახული პროდუქტი.  მომხმარებელს შეუძლია თავად გაარჩიოს, სუნი აქვს თუ არა სურსათს, შეიძლება ფერი იყოს შეცვლილი, ან მაცივრის გარეთ იყიდებოდეს . ყველა ასეთ შემთხვევაში, უნდა დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-01 და ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები მიიღებენ შესაბამის ზომებს“,- განაცხადა გიორგი მიქაძემ.

სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, თუ მოქალაქეები კონკრეტულ დარღვევაზე მიმართავენ, მოხდება არაგეგმიური კონტროლი. მისივე განმარტებით, ხილი და ბოსტნეული საფრთხის შემცველია, თუ ისეთ პირობებში იწარმოება, სადაც არ არის დაცული ელემენტარული პირობები. ამიტომ მოსახლეობას დაკვირვება მართებს.

გიორგი მიქაძის განცხადებით, გეგმიური ინსპექტირების 6 თვის მონაცემებით, 247 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. წინა წლებთან შედარებით 28 %ით არის გაზრდილი საჯარიმო სანქციები, საწარმოო პროცესის შეჩერება კი 42%-ით.

“ძირითადი დარღვევები განისაზღვრება ეტიკეტირების დარღვევით, ვადაგასული სურსათის რეალიზაციით ,რეცხვა -დეზინფიცირების ნაწილით. ყველაზე მეტი არის ეტიკეტირების და ვადაგასული პროდუქციის შემთხვევები“,- განაცხადა გიორგი მიქაძემ.

მისივე ინფორმაციით, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ჯერჯერობით დარღვევა არ დაფიქსირებულა.