სურსათის ეროვნული სააგენტო – ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა, ძაღლების არაგეგმურად აყვანაზე ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება

17:54, 16.07.2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას.

„პროგრამის ფარგლებში მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ს საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში. პროგრამა მისი რეკომენდაციებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან.

ამავდროულად, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია შესაბამისი პლატფორმა – ფეისბუკ გვერდი, რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებები ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით ხორციელდება და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება.

„ჰიპერპოპულაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. ეკიპაჟები ცხოველების აყვანას წინასწარ დადგენილი და გამოქვეყნებული განრიგით ახორციელებენ. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ცალკეული ჯგუფების მიერ გავრცელებული ბრალდებები ამა თუ იმ ლოკაციიდან ძაღლების აყვანის შესახებ“, – განაცხადა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცირა ნაფეტვარიძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არის კომპლექსური და, ვეტერინარული ღონისძიებების პარალელურად, გათვალისწინებულია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მსგავსი