სურსათის ეროვნული სააგენტო – ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი. საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.