საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერია ქუთაისში დაიწყო. ადგილობრივმა „ქუთაისმა“ თსუ-ს უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი სხვაობით დამარცხდა – 69:89. მოულოდნელი არა შედეგი, არამედ სხვაობა იყო – ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა და ფინალურ სერიაშიც ასეთ თამაშებს ველით, თუმცა პირველ მატჩში თსუ-მ მეტად მაღალი დონის კალათბურთი უჩვენა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
სტუდენტური გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს დევონტრე ტომასმა და გიორგი ცინცაძემ. ამერიკელმა 22 ქულა ჩააგდო, 7 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ცინცაძის ანგარიშზე კი 19 ქულა და 5 პასი იყო. ტომასმა 5 სამქულიანი გამოიყენა, „ბუმ“ – 4. თსუ-მ მატჩში 30-დან 13 სამიანი ჩააგდო.
„ქუთაისში“ ყველაზე მეტი, 19 ქულა და 11 მოხსნა გიორგი კორსანტიას ჰქონდა.
სერია სამ მოგებამდეა, მომდევნო მატჩი 22 მაისს გაიმართება.