სუპერლიგა - ნახევარფინალურ სერიაში „რუსთავი“ და „ცხუმ-აფხაზეთი“ დაწინაურდნენ #1TVSPORT
სუპერლიგა - ნახევარფინალურ სერიაში „რუსთავი“ და „ცხუმ-აფხაზეთი“ დაწინაურდნენ #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბმა „რუსთავმა“, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს სერიაში მოედნის უპირატესობა აქვთ და შესაბამისად, პირველ შეხვედრასაც შინაურ დარბაზში უმასპინძლეს. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქვემოქართლელებს, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო.

თანაბარი თამაში მესამე პერიოდის შუამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯილან ვაშინგტონმა აიწყვიტა, მიჯრით 2 ორქულიანი და ამდენივე სამიანი ჩააგდო და თანაგუნდელი ლეგიონერები აიყოლია. მაიკლ დევისმა და დევიდ ოკეკემაც რომ გაისწორეს მიზანი, ქვემოქართლელთა ლიდერობამ 13 ქულას მიაღწია – 64:51. ეს მომენტი გახდა გარდამტეხი. ბოლო პერიოდში კაკტუსელებმა ვეღარ მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და „რუსთავი“ ტაქტიკურად გამართული და ზუსტი თამაშის წყალობით გამარჯვებამდე იოლად მივიდა – 89:77.

„რუსთავის“ გუნდში 24 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი ვაშინგტონმა დააფიქსირა. 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მაიკლ დევისმა მიითვალა. 12 ქულა მალიქ უაითმა, ხოლო 11 – დევიდ ოკეკემ მიითვალეს. „კაკტუსში“ 20 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 17 ქულა და 12 მოხსნა ეი ჯეი სამბრის, ხოლო 17 ქულა და 5 მოხსნა ლევან მასხულიას ანგარიშზეა.

„რუსთავსა“ და „კაკტუსს“ შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისში, 17 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ცხუმ-აფხაზეთისა“ და „დინამოს“ სერია გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერია 2 მოგებამდეა და მის მოსაგებად პირველი ნაბიჯი „ცხუმ-აფხაზეთმა“ უკვე გადადგა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მუჰამედ ტაჩის „დინამოს“ 89:82 მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დროის უმეტესობა წინ „დინამო“ იყო. მუჰამედ ტაჩის გუნდი ერთხანს 12 ქულითაც იგებდა. ეს მოხდა მესამე პერიოდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როცა ლუკა ბულაშვილის საჯარიმოების შემდეგ „დინამო“ 67:55 გალიდერდა.

თამაშის დასრულებამდე 13 წუთით ადრე ასეთი ლიდერობა გამარჯვებასთან გვარიან მიახლოებას ნიშნავს, თუმცა დინამოელებმა ბოძებული შანსი ვერ გამოიყენეს. ეს, რა თმა უნდა, „ცხუმ-აფხაზეთის“ მოთამაშეების დამსახურებაა, რომლებმაც მწვრთნელისგან მიღებული დავალებები კარგად შეასრულეს და მე-3 პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, ბოლო ათწუთეულიდან კი ლიდერობაც მოიპოვეს.

ჯოშუა მაკფოლის, ალექსანდრე ფევაძის, გიორგი შარაბიძისა და მისი თანაგუნდელების შედეგიანობით ცხუმელებმა გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 10 ქულით – 88:78 დაწინაურდნენ. ეს შანსი ჩერქეზიშვილის გუნდმა ხელიდან აღარ გაუშვა და ლიდერობა ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა.

გამარჯვებულებს 10 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 13 ქულა და 10 მოხსნა რაჰიმ ჯონსონმა მიითვალა, ხოლო გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. დინამოელთაგან 28 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 17 ქულა და 9 მოხსნა მაიკლ ედვარდსმა მოაგროვა.

ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 17 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.

gbf.ge