„სუპერ რაგბის“ ახალი სახე - ავსტრალიელებმა და ახალზელანდიელებმა ახალი ტურნირი ოფიციალურად დააანონსეს
ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებმა დღეს „სუპერ რაგბის“ ახალი ფორმატი ფართო მასებს გააცნეს. ტურნირი ადგილობრივ „სუპერ რაგბის“ გათამაშებებს მოჰყვება და ექვსი კვირის განმავლობაში 26 თამაში გაიმართება. ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის 14 მაისს აიღებს და 19 ივნისს დასრულდება.
გათამაშებაში ხუთი ახალზელანდიური და ხუთი ავსტრალიური კლუბი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მანამდე ტრადიციულ „სუპერ რაგბიში“ ასპარეზობდნენ. ხუთივე ავსტრალიური გუნდი ახალზელანდიურთან თითოჯერ ითამაშებს (25 მატჩი), რასაც ფინალი მოჰყვება.
ყველა გუნდს მოუწევს ორი საშინაო და ორი საგარეო მატჩის ჩატარება, რასაც „სუპერ რაუნდი“ ემატება – გათამაშების მესამე ტურში ყველა მატჩი ერთ უქმეებზე და ლოკაციაზე გაიმართება. „სუპერ რაუნდის“ მდებარეობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
ფინალში ერთმანეთს საერთო სატურნირო ცხრილის პირველ და მეორეადგილოსნები დაუპირისპირდებიან. მატჩის მასპინძელი კი, რა თქმა უნდა, ცხრილის სათავეში მყოფი გუნდი იქნება.
ახალი ტურნირის 26-ივე მატჩი სტრიმიგ-პლატფორმა „სტენზე“ იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ტურის ერთ მატჩს გულშემატკივარი უფასოდ, „ჩენელ ნაინზე“ (Channel 9) იხილავს.