Sunday Times- დიდი ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს
ბრიტანული Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ანონიმური წარმომადგენლისგან შეიტყვეს. მისი თქმით, სანქციები „დიდ ბრიტანეთში მყოფ რუს ოლიგარქებს შეეხებათ“.
თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მთავრობა გაერთიანებულ სამეფოში მყოფი რუსი ბიზნესმენების კუთვნილი „უკანონო ფინანსების“ წინააღმდეგ სხვადასხვა ზომების მიღებას განიხილავს.
მანამდე ტერეზა მეიმ არ გამორიცხა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების აქტივები გაყინოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადასტურდა, რომ ეს ფინანსები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლეს და ქონებას საფრთხეს უქმნის.
2017 წლის იანვრიდან დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქონებისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვონ, თუ ამ აქტივების ღირებულება 50 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება.