სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებსა და აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო

19:16, 08.08.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებსა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო – მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.

მათივე ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ოჯახების წევრებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი გვერდით დგომა სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა დაღუპული პოლიციელების გმირობა და მათი თავდადება საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზასაც ეწვია და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

ამასთან, სულხან თამაზაშვილმა ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი. სულხან თამაზაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი