სულხან სალაძე - მოვუწოდებ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ კანდიდატებს
სულხან სალაძე - მოვუწოდებ პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ კანდიდატებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატები შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი დებულების დარღვევით შეირჩა.

სულხან სალაძე პარლამენტს მოუწოდებს, წარდგენილი ორი კანდიდატიდან არც ერთს არ დაუჭირონ მხარი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებთან დაკავშირებით კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

სულხან სალაძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატების შესარჩევი კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის მონაწილეებს სამოტივაციო წერილი უნდა წარედგინა, სადაც კანდიდატის ხედვა უნდა ყოფილიყო ასახული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და ასევე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. სალაძის განცხადებით, მსგავსი წერილი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა ლონდა თოლორაიამ წარადგინა.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკურსის გასაუბრების ეტაპზე კი სულ შვიდი კანდიდატი დაიბარეს, რომელთაგან მხოლოდ ხუთი გამოცხადდა.

„48 განაცხადიდან 47 პრაქტიკულად არასრული იყო. როდესაც დოკუმენტებს გავეცანით, მე და კომისიის ერთი წევრი ორი დღის განმავლობაში ვთხოვდით კომისიის წევრებს, რომ გასაუბრებაზე დაებარებინათ მხოლოდ ის ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებდა გასაუბრებაზე მოწვევას, თუმცა კომისიის წევრთა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გასაუბრებაზე მიეწვიათ შვიდი კანდიდატი. კომისიის მხრიდან მსგავსი ტიპის დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ კომისია გასაუბრებებს ფორმალურად მიუდგა, ვინაიდან თუ მხოლოდ ერთ კანდიდატს მოიწვევდნენ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი. პროტესტის ნიშნად გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მივიღე. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კომისიის საქმიანობას და მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს“, – განაცხადა სალაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარედგინა.