სულხან სალაძე - კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხისმგებლობის ნაწილში
სულხან სალაძე - კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხისმგებლობის ნაწილში

კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხიმგებლობის ნაწილში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს – ჩინოვნიკს, პოლიციელს და ყველამ უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოწვევა, რაც 20-21 ივნისს მოვლენებს გამოძიებას უკავშირდება, ეს არის კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობა.

„საუბარია როგორც რიგითი სამართალდამცავი პირების პასუხისმგებლობაზე, ასევე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკთხზე როცა ვსაუბრობთ, ცხადია, მოიაზრება შინაგან საქმეთა მინისტრი, გასცა თუ არა მან ეს ბრძანება, მისი პრობლემაა, თუ არ გაუცია, ესეც მისი პრობლემაა. მგონია, რომ პროცესი, რომელიც იმ ღამეს განვითარდა, იყო ქაოტური, რასაც მოჰყვა ის სავალალო შედეგები, რაც ერთად ვნახეთ. ამდენი დაზარალებული ჟურნალისტი, 305 დაკავებული, 121 პატიმრობაში გამწესებული ადამიანი და უამრავი ადამიანი, ვინც მიიღო ასევე დაზიანება. კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხიმგებლობის ნაწილში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს – ჩინოვნიკს, პოლიციელს და ყველამ უნდა აგოს პასუხი.

რაც შეეხება გამოძიებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ერთი ინფორმაცია გვაქვს. გამოძიების მიერ გავრცელებული მეტი ინფორმაცია ჩვენ არ მოგვისმენია და არ გვინახავს, თუმცა ვიცით, რომ გამოკითხვები მუდმივ რეჟიმი მიმდინარეობს. 70-ზე მეტი ადამიანის უფლებას ვიცავთ, უამრავი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანი იმყოფებოდა გამოკითხვაზე. იმედია, უახლოეს დღეებში პროკურატურა და სამინისტრო გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა სულხან სალაძემ.