სულხან სალაძე - დიახ, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა
სულხან სალაძე - დიახ, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა

დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაცემის წამყვანი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა და იქ რამე ტიპის სანქციაზე საუბარი აბსოლუტურად მოკლებულია რეალურ საფუძველს – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ „რუსთავი 2“-ის წამყვანის გიორგი  გაბუნიას საკადრო ტექსტის შეფასებისას განაცხადა, რაც გუშინ ტელეკომპანიის შენობასთან გააპროტესტეს.

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ მის რელიგიურ გრძნობებს ზიანი მიადგა, შეუძლია ეს მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტოს.

„ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაეკისრება წამყვანს. ჩვენ ვთქვით, რომ მართალია, საკითხი განიხილა შესაბამისმა ეთიკის კომისიამ „რუსთავი 2“-ში, მაგრამ იქვე დავაფიქსირეთ და ჩვენს განცხადებაში არ ყოფილა არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ის განცხადება, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა გადაცემის წამყვანთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვეთანხმებოდით. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა გადაცემის წამყვანი და იქ რამე ტიპის სანქციაზე საუბარი არის აბსოლუტურად მოკლებული რეალურ საფუძველს.

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მათ რელიგიურ შეხედულებებს ამით მიადგა ზიანი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი. მაგრამ ის, რაც ხდებოდა „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ ჯდება იმ სტანდარტში, რომლითაც შეიძლება მშვიდობიანი ფორმით ადამიანებმა თავიანთი პროტესტი გამოხატონ, რადგან ვსაუბრობთ სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე, რომელიც გამოძიების პროცესში უნდა იყოს შესწავლილი და გამოყენებული, ასევე გადამოწმებული შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ“, – განაცხადა სულხან სალაძემ.