სულხან სალაძე - 2009-2012 წლებში საგამოძიებო უწყებებიდან ვერ ვიღებდით ინფორმაციას აგვისტოს ომზე, რამაც გვაფიქრებინა, რომ საქართველოში ამოწურული იყო გამოძიების შესაძლებლობა, ამიტომ მივმართეთ ჰააგას
სულხან სალაძე - 2009-2012 წლებში საგამოძიებო უწყებებიდან ვერ ვიღებდით ინფორმაციას აგვისტოს ომზე, რამაც გვაფიქრებინა, რომ საქართველოში ამოწურული იყო გამოძიების შესაძლებლობა, ამიტომ მივმართეთ ჰააგას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აგვისტოს ომის თემაზე ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ის გახდა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული ისინი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებიდან აგვისტოს ომის გამოძიების თემაზე ინფორმაციას ვერ იღებდნენ.

„2009 წლიდან დავიწყეთ ჩვენ ამ თემებზე მსჯელობა. 2012 წლამდე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგამოძიებო უწყებებთან. თუმცა, მათი მხრიდან ვერ ვიღებდით ინფორმაციას. ეს იყო საკმარისი საფუძველი, გვეფიქრა საქართველოში ფაქტობრივად ამოწურული იყო გამოძიების წარმოების შესაძლებლობა და ამიტომაც დავიწყეთ თავის დროზე ეს კომუნიკაცია ჰააგასთან. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა არა ჩვენი მიმართვა, არამედ იუსტიციის სამინისტროს მიმართვა, რომელიც მათ განახორციელეს 2015 წელს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გამოძიების გაცილებით ეფექტიანი ბერკეტი გააჩნია, ვიდრე კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას.

„ცხადია, საქართველოს მხრიდან წარმოუდგენელია, რომ ისეთი სამართალწარმოება განახორციელოს ქვეყნის შიგნით, რომლის გამოც რუსეთის ან დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ვინმემ აგოს პასუხი. ეს ბერკეტი გაცილებით უფრო ეფექტურად გააჩნია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ამიტომ ამ მექანიზმის ეფექტური გამოყენება არის მნიშვნელოვანი. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად იყენებს ამას ხელისუფლება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

2012 წლის 24 აპრილს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“, „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი“, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“) ეჭვქვეშ დააყენეს საქართველოს პროკურატურის მიერ წარმართული გამოძიების ეფექტურობა და მოუწოდეს ჰააგის პროკურორის ოფისს, თავად დაეწყო გამოძიება. მათ იქვე აღნიშნეს, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში – იქ, სადაც ყველაზე სერიოზული დანაშაულები იქნა ჩადენილი“, რაც, მათი შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, არ აქვს შესაძლებლობა, ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულები“.