სულამანიძე და ჩიქოვანი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან წარმატებულად ასპარეზობას რვა სპორტსმენი აგრძელებს.

100კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი შეხვდებიან.

ტატო გრიგალაშვილმა ტურნირზე ერთი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალშია. ამავე წონაში, ჯერჯერობით, ერთი ორთაბრძოლა მოიგო ვლადიმირ ახალკაცმა.

მძიმეწონოსნები – გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილიც მეოთხედფინალში იჭიდავებენ.  ქალების გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ერთი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალშია ახალგაზრდა მარიამ ჭანტურია (70კგ), ხოლო მეორე ქართველი ქალი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილიც ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.