სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე – ს.ქ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ., ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, ზემოხსენებული ფაქტი ბ.პ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.